თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა - იმერეთის და სამეგრელოს რეგიონების სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება, ამის შესახებ ინფორმაციას ენერგოგამანაწილებელი კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი მწყობრიდან გამოიყვანა.
„უამინდობამ საკმაოდ დიდი რაოდენობის დაზიანება გამოიწვია დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიის როგორც მაღალ, ისე დაბალ ქსელებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ჭირს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ჯგუფები მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. დაზიანების ადგილებზე რჩებიან სხვა რეგიონებიდან ჩასული დამატებითი ტექნიკური ჯგუფებიც. ისინი ადგილობრივ ენერგეტიკოსებს აღდგენით სამუშაოებში ეხმარებიან.
უწყების ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ ენერგომომარაგება სრულად არ აღდგება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.