თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან, ნათქვამია აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად ივანე მესხის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, ხოლო ფიროსმანის ქუჩაზე - ფასადი. გარდა ამისა, ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ძველი ბულვარის ტერიტორიის ნაწილი.
„მთელი ღამის განმავლობაში და ამ დრომდე ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე ჭები, ცხაურები და ზღვაში გამსვლელი არხები. ღამის განმავლობაში დატბორვასთან დაკავშირებით დაფიქსირდა სამი შეტყობინება. ამ ეტაპისთვის პრობლემა აღმოფხვრილია“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აჭარის მთავრობაში განაცხადეს, გაწმენდითი სამუშაოები შტორმის ჩადგომისთანავე დაიწყება. წყალმომარაგებასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. შეუფერხებლად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
რაც შეეხება ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს, აქ პრობლემები მოსახლეობას თოვლმა შეუქმნა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბაში 50 სანტიმეტრია. თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი.
„ამ დროისთვის თოვლის საფარისგან იწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზები. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში რეკომენდებულია მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით”,- ნათქვამია განცხადებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 3 იანვარამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.