შსს-მ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად ოთარ ფარცხალაძე დაასახელა

ფარცხალაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილ გენპროკურორ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
როგორც დარახველიძემ განაცხადა, ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია. გამოძიებამ დაადგინა საქმის ყველა გარემოება და გამოავლინა მთავარი ორგანიზატორი. ფარცხალაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

„დადგენილია, ვინ ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა, შესაბამისად ეს საქმე გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ. ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ“,- განაცხადა დარახველიძემ.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
დარახველიძის განცხადებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ მოპოვებული ინფორმაცია ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის ზუსტი დროისა და გადაადგილების მარშრუტის შესახებ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ყოფილი გენპროკურორის დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები დაუკავშირდნენ თავიანთ მეგობარსა და ნდობით აღჭურვილ პირს, გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის გეგმის მომზადება დაევალა. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, ჯოხაძემ გელა უძილაური მოძებნა, რომელსაც ბიზნესმენის მკვლელობა დაევალა. დანაშაულის უშუალო შემსრულებელი გელა უძილაური მკვლელობის ჩადენიდან მალევე დააკავეს. მის მიმართ მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე ასევე დაკავებული არიან გიორგი მიქაძე, მამუკა ბაღდავაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, ხოლო დავით მიქაძის და გიორგი ჯოხაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ასევე დაკავებულია მათი ყოფილი მეგობარი, სანდრო წივწივაძე, რომლის სახელზეც იყო რეგისტრირებული ლევან ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი. მითითებული ბრალდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
პროკურატურის წარმომადგენლებმა ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორებს შორის ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე პირველად 2025 წლის სექტემბერში დაასახელეს.
„კანონიერი ქურდის" მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სუხუმსკი) ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის მკვლელობა 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მძღოლი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პროკურატურამ ხუთ პირს, მათგან ორს დაუსწრებლად, წარუდგინა ბრალდება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე.