გარემოსდამცველებმა ბაკურიანში ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტომანქანა დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული მასალა კი გადატანილია ბაკურიანის „საქმიან ეზოში".
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ავტომანქანა დაილუქა, უკანონოდ მოპოვებული მასალა კი გადატანილია ბაკურიანის „საქმიან ეზოში".
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.