თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობას მოითხოვა, დაცვის მხარემ კი 10000 - 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაკავებულთა გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა - მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აღნიშნულ საქმეზე მომავალი სასამართლო პროცესი 23 თებერვალს ჩაინიშნა.
27 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, უწყებამ ქვეყანაში მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიება ჩაატარა- 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ და სხვა სახის დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებულია 4 პირი, ჯამში კი პასუხისგებაში მიეცა 11 ადამიანი.
საქმეში დევს ფარული ვიდეო და აუდიომასალები, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ქრთამის აღებას, თაღლითობას და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ეხება.
დღეს გამართული სასამართლო პროცესი ეხებოდა აღნიშნული გამოძიების მეორე ეპიზოდს - კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს, რომლისთვისაც დაკავებული არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე, რომლის დახმარებითაც სააგენტოს თანამშრომელმა, 560 ლარის სანაცვლოდ, დაამზადა საქონლის ხორცის რეალიზაციისთვის საჭირო ყალბი მოწმობები ისე, რომ არც ხორცის ვარგისიანობა და არც მომხმარებლისთვის მიწოდებული პროდუქცია არ შეუმოწმებია.