თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ფრანგი მსახიობი ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება უცხოური მედია.
ბრიჯიტ ბარდო 1934 წელს პარიზში დაიბადა. ის თავდაპირველად ბალეტით იყო დაკავებული, შემდეგ გახდა ფოტომოდელი და მსახიობი.
მისი კინოდებიუტი 1952 წელს, 18 წლის ასაკში შედგა. მას პოპულარობა მოუტანა კინოსურათმა „და ღმერთმა შექმნა ქალი“, რომლის რეჟისორიც როჟე ვადიმია.
ბარდო 50-ზე მეტ ფილმში თამაშობდა. მისი პარტნიორები იყვნენ ალენ დელონი, მარჩელო მასტროიანი. ის მონაწილეობდა ჟან ლიუკ გოდარის ფილმებში.
მსახიობმა წარმატებები მოიპოვა ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორიცაა : „უბედურების შემთხვევაში“, „პარიზელი ქალი“, „ბაბეტი მიდის ომში“, ანრი-ჟორჟ კლუზოს ფილმით „სიმართლე“ და სხვა.
1980-იანი წლებიდან ბრიჯიტ ბარდო იყო ცხოველების აქტიური დამცველი. 1987 წელს მან დააფუძნა ფონდი, რომელიც ცხოველებს იცავდა და ამ მიზნით სამი მილიონი ფრანკი შეაგროვა.