თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
22 წლის მამაკაცს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას ედავება.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის სამგზავრო ბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 080 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი".
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.