რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო მონაცემები

საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამ დროისთვის მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი). აღნიშნულ გზაზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მოძრაობა დღეს დილით შეიზღუდა.
თოვლის და ლიპყინულის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შატილისკენ მიმავალ გზაზეც. კერძოდ, კორშა-შატილის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-106-ე კმ) მონაკვეთზე დროებით შეიზღუდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ჟინვალი-კორშას მონაკვეთზე (საავტომობილო გზის 1-52-ე კმ) კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.