სასამართლოს გადაწყვეტილებები დასაბუთებულია - საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებთან დაკავშირებული საქმეების უმეტესობაში პროკურატურის ან სასამართლოს მხრიდან დარღვევები ვერ აღმოაჩინა.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ პირებთან დაკავშირებული საქმეების უმეტესობაში სასამართლოს გადაწყვეტილებები დასაბუთებული იყო.
საქართველოში საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს. თავდაპირველად, საპროტესტო აქციები ყოველდღიურად მასობრივ არეულობითა და პოლიციასთან შეტაკებებით სრულდებოდა. ამჟამად საპროტესტო აქციებზე მშვიდი ვითარებაა.
„არის საქმეები, სადაც პრობლემებია, მაგრამ ბევრ საქმეს როდესაც ვეცნობით, ვხედავთ, რომ არის საქმეები, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებები დასაბუთებულია და მტკიცებულებებიც არის შესაბამისი სტანდარტით მოგროვებული“, – განაცხადა იოსელიანმა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატმა 19 მსჯავრდებულის მოცულობითი საქმე შეისწავლა და ორ ათეულზე მეტი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა სასამართლოში განხილვის სხვადასხვა ეტაპზე, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რამდენიმე შემთხვევაში.
„სამ ადამიანზე გამამართლებელი განაჩენი დადგა ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის გამო, სამი მსჯავრდებულის საქმე კი გუშინ გადააგზავნეს სააპელაციო სასამართლოში, ასევე, წარადგინეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები, სადაც მიუთითებენ, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის საპროცესო დარღვევებზე, ხოლო დანარჩენ 16 საქმეზე ასეთი ტიპის დარღვევები ვერ ნახეს“, - აღნიშნა იოსელიანმა.
როგორც იოსელიანმა განაცხადა, ის ემხრობა ჰუმანურ მიდგომას ასეთ პირობებში და შეწყალების გამოყენებას, არა მარტო ცალკეული პატიმრების მიმართ, არამედ უფრო ფართოდ, ზოგადად, 10 ათასი პატიმრის მიმართ. მისი თქმით, განსაკუთრებით მსჯავრდებულების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შეწყალების მექანიზმი უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული.
პროტესტი
2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეებმა მთავრობა ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და ამ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს. მოგვიანებით მათ კიდევ ორი ​​მოთხოვნა დაამატეს: დაკავებული პირების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მოთხოვნების შესრულებაზე და საპასუხოდ საპროტესტო აქციების ჩატარების წესები გაამკაცრა - აიკრძალა სტრატეგიული ობიექტების მიზანმიმართული პიკეტირება, გზებისა და ტროტუარების უსაფუძვლო ბლოკირება, ნიღბების ტარება, ხოლო ამ წესების დარღვევისთვის გაზარდა ჯარიმები და თავისუფლების აღკვეთის ვადები.