თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, 2025 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით ბრალდებული დაზარალებულებს შეუთანხმდა, რომ მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ააშენებდა საცხოვრებელ სახლებს.
"ბრალდებულმა თითქოსდა სამშენებლო მასალის შესაძენად და მშენებლობის დასაწყებად, დაზარალებულებს ჯამში 72,5 ათასი ლარი ჩაარიცხვინა. მიუხედავად შეთანხმებისა, ბრალდებულმა არ დაიწყო მშენებლობა და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ თანხებს", - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.