თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელსაც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის ხელმძღვანელობა ედება ბრალად.
როგორც სუსის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ახალაია არ ესწრებოდა საპროტესტო აქციას, ის ახორციელებდა ხელმძღვანელობას ონლაინ რეჟიმში სახლიდან ინტერნერ-აპლიკაციების მეშვეობით, რასაც IP-მისამართები ადასტურებს.
სუსის ინფორმაციით, ახალაია მთელი საპროტესტო აქციის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმის განმავლობაში უკავშირდებოდა ოპოზიციის ლიდერებს, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს. რაც მათთან კომუნიკაციის დროით და მომიტინგეთა მოქმედებებით დასტურდება.
„მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორის ვინაობა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია“, - განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, უკრაინიდან იარაღის ტრანზიტის საქმე, რომლის ფარგლებშიც სუსმა თბილისის შემოგარენში არსებულ ტყეში 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს დივერსიისთვის განკუთვნილი დიდძალი იარაღი და დეტონატორის მქონე ასაფეთქებელი ამოიღო, და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმის საქმედ გაერთიანდება და გამოსაძიებლად შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცემა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქის - უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის წარმომადგენლის - დავალებით, საქართველოს მოქალაქემ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
ოპერატიული მონაცემების თანახმად, იგეგმებოდა საბრძოლო მასალის გამოყენება დივერსიული აქტების ჩასატარებლად, 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და თბილისში პრეზიდენტის სასახლის აღების მცდელობის პარალელურად.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.