„შანტაჟის ბოლო ტყვია": კირცხალია ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მუქარებზე

კირცხალიას განცხადებით, აღნიშნულ სიტუაციაში საქართველოსთვის ერთადერთი ინსტრუმენტი სიმართლე და ობიექტური ფაქტებია.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ევრობიუროკრატიის მხრიდან რამე ადეკვატური ნაბიჯის გადადგმას არ ელოდება, უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება კი გამოიყენება როგორც „შანტაჟის არსენალში ბოლო ტყვია", განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
ევროკომისია გეგმავს განიხილოს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ქვეყნის მიერ დემოკრატიული პრინციპების დარღვევისა და ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება, შესაძლოა, შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.
„ჩვენ საერთოდ არ გვაქვს მოლოდინი ევრობიუროკრატიის მხრიდან რამე ადეკვატური ნაბიჯის გადადგმის... ერთადერთი, რაც შეგვიძლია, ვთქვათ, ეს არის შანტაჟის ბოლო იარაღი მათ ხელში, რომელიც დარჩათ", - განაცხადა კირცხალიამ.
პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ევრობიუროკრატიასთან მიმართებით გადადგას რაიმე ნაბიჯი, რადგან ქვეყანა ინსტიტუციურ დონეზე ასრულებს ყველა თავის ვალდებულებას სამართლებრივ, იურიდიულ თუ ეკონომიკურ სფეროებში.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოებს შორის ლიდერია როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების, ისე ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებით.
ამასთან, ევროკავშირის მხრიდან ისმის გზავნილი: საქართველოს მიღწევებს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ქვეყანა „კონტროლირებადი“ არ გახდება და გარე დაკვეთებს არ მიჰყვება. ლოიალობის სანაცვლოდ დაპირებაა პოლიტიკური მხარდაჭერის და „წითელი ხალიჩის.“
კირცხალიას განცხადებით, აღნიშნულ სიტუაციაში საქართველოსთვის ერთადერთი ინსტრუმენტი სიმართლე და ობიექტური ფაქტებია.
„ჩვენ ხელში არის ერთი ყველაზე მთავარი იარაღი, სიმართლე და ძალიან მშრალი ფაქტები. მონაცემები, რომლითაც მოწინავე პოზიციაზეა ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის თემის შესაძლო გამოყენება იქნება საქართველოსა და მის საზოგადოებაზე ზეწოლის საბოლოო და ყველაზე შეურაცხმყოფელი ინსტრუმენტი, „შანტაჟის არსენალის ბოლო ტყვია“ ქვეყანასთან მიმართებით. მისი თქმით, გავლენის ყველა სხვა ბერკეტი უკვე გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მმართველობა და ბიუროკრატია არ არის ის ევროპა, რომელსაც იცნობდა მსოფლიო.
„ჩვენ ვიქნებით ყოველთვის ერთგული ევროპული ღირებულებების და დადგება დრო, როდესაც ევროპაში ევროპა დაბრუნდება... დადგება დრო, როცა ის ქვეყნები და ის კავშირები აღიდგენენ იმ ღირსებას, რასაც პატივს სცემდა არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო“, – განაცხადა კირცხალიამ.
ამასთან, კირცხალიამ დაადასტურა, რომ საქართველო მზადაა აშშ-სთან თვისობრივად ახალ ურთიერთობებზე გადავიდეს, „დავიწყოთ ყველაფერი ახალი ფურცლიდან".
„გვაქვს მზაობა, დავიწყოთ ყველაფერი ახალი ფურცლიდან და გამოსწორდეს ის ურთიერთობები, რომელიც წინა ადმინისტრაციამ საგრძნობლად დააზიანა, იმ საერთო პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც დღეს ვხედავთ გააფთრებულს ევროპულ ბიუროკრატიაში", - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, საქართველო ხელისუფლება აპირებს, იხელმძღვანელოს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ პრაგმატულად და რაციონალურად უნდა იმოქმედოს, შეინარჩუნოს და გამოიყენოს თავისი ისტორიული და გეოპოლიტიკური როლი, ასევე ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა.
უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის
ბოლო წლებში საქართველოსთვის ამ პრივილეგიის შესაძლო გაუქმების საკითხი რამდენჯერმე წამოიჭრა. მიზეზები სხვადასხვა იყო, მათ შორის მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების გამკაცრების მოთხოვნები და თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა.
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პირველი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 27 იანვარს მიიღო, რომლითაც უვიზო მიმოსვლა შეჩერდა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოში 2024 წელს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების საპასუხოდ. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
თუმცა, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში მოგზაურობა ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.