თბილისის მერთან მოქალაქეების ყოველკვირეული შეხვედრები 14 იანვრიდან განახლდება

მერიის ინფორმაციით, ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებთან ყოველკვირეულ შეხვედრებს 2026 წლის 14 იანვრიდან განაახლებს, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კახა კალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს 12 ნოემბრიდან ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში მართავს.
„შეხვედრებზე ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან საახალწლო დღესასწაულების პერიოდში აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე.
მერთან შეხვედრის მსურველებს საშუალება აქვთ, მერიის პირველ სართულზე მდებარე მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრში შეიტანონ განაცხადი შეხვედრაზე დასწრების მოთხოვნით, სადაც უნდა მიუთითონ საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციის ფარგლებში შედის. მოქალაქეები მერს ეტაპობრივად, რიგითობის პრინციპით შეხვდებიან.
თუ რა პროცედურებია გასავლელი თბილისის მერთან პირისპირ შესახვედრად, ამის შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს მერიის ცხელ ხაზზე 032 2722222 შეუძლიათ.