თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველო 2025-2030 წლების პერიოდში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6% შეადგინა. მთავრობის ვარაუდით, 2025 წლის მანძილზე ეკონომიკის ზრდა 7,3% იქნება.
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და შედეგზე ორიენტირებული. აღნიშნულ შეფასებებს აკეთებს არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და სარეიტინგო კომპანია, რომლებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი, ყველა ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პარამეტრი არის ჯანსაღი", - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სექტორებს, მათ შორის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ისევე როგორც ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო, ასევე უძრავი ქონების ოპერაციებთან დაკავშირებულმა საქმიანობამ.
კლება მშენებლობის, სამთომომპოვებელი და ენერგეტიკის სექტორებში დაფიქსირდა. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,7%.