ეროვნულ ბანკთან დავების განმხილველი კომისიის დავის საგნის ღირებულების ზღვარი გაიზარდა

ცვლილებების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, კომისიას მიმართოს თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 ათას ლარს.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა შესწორებები, რომლის თანახმადაც ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განსახილველი დავის საგნის ღირებულების ზღვარი იზრდება.
ცვლილებების თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს, კომისიას მიმართოს თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 100 ათას ლარს. ადრე კომისია თავად განიხილავდა 50 ათას ლარამდე ოდენობის დავებს.
გარდა ამისა, როგორც სებ-ში განმარტავენ, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტდა და დაიხვეწა დავების განმხილველი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების სამართლებრივი ასპექტებიც.
„აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ფინანსური სექტორის სანდოობისა და ინოვაციური განვითარებისთვის“, – ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია 2023 წლიდან მოქმედებს. კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და უზრუნველყოფს დავის განხილვის ალტერნატიულ მექანიზმებს.
მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს კომისიას, თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობაილბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, არასწორად შესრულებულ გადახდის ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.