თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) საკურიერო მომსახურების კომპანია „ვოლტ ჯორჯიას“ (Wolt Georgia) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმების გაფორმებით დაასრულა.
უწყების ცნობით, სააგენტოში შესული განცხადებების საფუძველზე შესწავლის საგანს წარმოადგენდა კომპანიის მიერ შეკვეთის დათქმულ ვადაში მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტები, კერძოდ მომხმარებლებისთვის შეკვეთის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევები.
საქმის შესწავლის ფარგლებში, სააგენტომ განიხილა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებები და მიიჩნია, რომ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შედეგად, კანონის სავარაუდო დარღვევის რისკი აღარ იარსებებს.
„შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" ახალი კანონი 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა. მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევვსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge.
უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.