პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო

დანაშაული 8-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, დაუფლების ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულებს, რომელთა ასაკიც 20-დან 43 წლამდეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილების, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის პისტოლეტები, მჭიდები და ვაზნები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 237-ე მუხლით მიმდინარეობს.