სვანეთში ახალი ნაკრძალი შეიქმნება

საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 24 აღკვეთილი, 40 ბუნებრივი ძეგლი და 5 დაცული ლანდშაფტია
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალი დაცული ტერიტორია გაჩნდება - დაგეგმილია ეროვნული პარკის შექმნა დაახლოებით 20 000 ჰექტარ ფართობზე, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.
ახალი დაცული ტერიტორიების დაარსება უზრუნველყოფს რეგიონის უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვასა და შენარჩუნებას, ასევე ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, ფიქრობენ სააგენტოში.
„სვანეთში დაცული ტერიტორიების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის პოპულარიზაციას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობების მიღების საფუძველს შეუქმნის“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოში დაცულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნადირობა, თევზაობა, ასევე ხე-ტყის გაჩეხვა.
საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 24 აღკვეთილი, 40 ბუნებრივი ძეგლი და 5 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.
ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 600 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული. გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ფართობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრდება.