თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 25,4% და ახალგაზრდების 14% მოიხმარს - ასეთია თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
კვლევები 2023-2025 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მოხმარების პარალელურად, თამბაქოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც მოიცავდა.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებაზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ჩართულობით შედგა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და გაძლიერდეს კონტროლი, რადგან დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას.
მისივე განცხადებით, პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათ გადასაჭრელად, ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, აუცილებელია კვლევები, რომელთაგან მიღებულ მტკიცებულებებზეც დაფუძნდება შემდგომი ნაბიჯები.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, მიღებული შედეგები მიუთითებს დადებით დინამიკას, თუმცა, საჭიროა თამბაქოს კონტროლის გაძლიერება. კვლევების მონაცემების საფუძველზე მიღებული ეფექტური გადაწყვეტილებები უკვე ასახულია 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში.
2024 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 29% თამბაქოს მოიხმარს. საქართველოს მამაკაცებში მოწევის მაჩვენებელი 55%-ს აჭარბებს, ხოლო ქალებში - 7%-ს. 13-15 წლის მოზარდებში 12%-ზე მეტი ეწევა. თამბაქოს მოხმარება საქართველოში სიკვდილიანობის დაახლოებით 24%-ის მიზეზია.
საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. ასევე კანონი კრძალავს თამბაქოს ნაწარმის მოხმარებას ავტომობილებსა და ტაქსებში არასრულწლოვნების თანდასწრებით. აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, მათ შორის უნივერსიტეტებიდან 50 მეტრის რადიუსში, მათ შორის ცალობით, საჯარო დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტებში საბავშვო ტანსაცმლის, საკვების ან სათამაშოების სექციებში.