თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირში რუსული აქტივების ჩამორთმევის მცდელობა ქურდობა კი არაა, ეს ძარცვაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
„ქურდობა შეუსაბამო განმარტებაა. ქურდობა ქონების ფარული მიტაცებაა. აქ კი ისინი ამის გაკეთებას ღიად ცდილობენ. ეს ძარცვაა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს, ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე პირდაპირი ჩართვისას.
პირდაპირი ეთერის ერთ-ერთმა წამყვანმა, VGTRK-ის ჟურნალისტმა პაველ ზარუბინმა, კითხვის დასმის დროს განაცხადა, რომ რუსული აქტივები „ჯერ სრულად არ არის მოპარული, მაგრამ ამას ყველა ცდილობს“. პრეზიდენტმა შეასწორა იგი და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ქურდობა შეუსაბამო ტერმინია.
რუსეთის ლიდერის თქმით, ევროკავშირის ქმედებები არა მხოლოდ მისი იმიჯისთვის დარტყმაა, არამედ ევროზონის მიმართ ნდობის შელახვა.
„ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, რომლებიც იქ ფულს ინახავენ, ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
ევროკავშირმა ადრე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტს დაეფუძნება და პოტენციურად უნდა დაიფაროს რუსული აქტივების გამოყენებით, რომელთა გაყინვასაც მოსკოვში ქურდობა უწოდეს.
ერთი კვირის წინ ევროკავშირმა გადაწყვიტა განუსაზღვრელი ვადით გაეყინა რუსეთის სახელმწიფო აქტივები ევროკავშირის ქვეყნებში. მათი გათავისუფლების პირობა იყო უკრაინაში კონფლიქტის დასრულება და ზარალის ანაზღაურება. ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა ვერ შეძლეს გადაწყვეტილების დამტკიცება კიევისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში სესხის სახით რუსული აქტივების გამოყენების შესახებ. ბელგიამ, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა, მოახერხა ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრი სახელმწიფოს გადარწმუნება და გადაწყვეტილება დაიბლოკა.