თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ბრიუსელი ცდილობს აიძულოს საქართველოს მთავრობა, შეასრულოს მოთხოვნები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს, განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების კომენტირებისას.
ბრიუსელში ევროპის საბჭოს სამიტის წინ კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა ქვეყნის ამჟამინდელ მთავრობას. მისი თქმით, ხელისუფლების ქმედებებს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და არ აახლოებს მას ევროკავშირის წევრობასთან. კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანამ ქვეყნის ხელმძღვანელობა აგრძელებს არასწორი ნაბიჯების გადადგმას, პროგრესი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პროცესში შეუძლებელია.
„მას სურს, საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, შეასრულოს მათი ისეთი მითითებები, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს იმიტომ, რომ პირველი რასაც გვთხოვენ ევროკავშირიდან, ეს არის გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების უკან გაწვევა და ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციისათვის“, - განაცხადა სეფაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს უსაფრთხოების პრობლემების შექმნას საქართველოსთვის. ეს გამოიწვევს დაძაბულობის ესკალაციას, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზრდება. ასევე, რუსეთთან პირდაპირი ორმხრივი სანქციების დაწესება გამოიწვევს, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებას მნიშვნელოვანი პროცენტით და ეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი თვითონ აგრძელებს ვაჭრობას რუსეთთან სხვადასხვა მიმართულებით.
რაც შეეხება ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის უკან გაწვევას - ეს ნიშნავს, მისი თქმით, რომ უნდა მოხდეს ლგბტ თემის პროპაგანდის დაშვება.
„ამას არ ითხოვს ქართველი ხალხი. საპარლამენტო არჩევნების დროს სწორად ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას დაუჭირა მხარი ქართველმა ხალხმა“, - განაცხადა დეპუტატმა.
დეპუტატის თქმით, რაც შეეხება „გამჭვირვალობის კანონის“, მის გაწვევას კი ითხოვენ იმიტომ, რომ სურთ შავი ფული შემოვიდეს საქართველოში და დააფინანსონ ისეთი აქტივობები, რომელიც გამოიწვევს საქართველოს ხელისუფლების და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას. ამასთან დემოკრატიულად ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არსებობს - არჩევნები, სადაც ოპოზიცია ვერავითარ შედეგს ვერ აღწევს.
„ამ ყველაფერს ითხოვენ ჩვენგან და ფუთავენ ვითომ კეთილშობილური სიტყვებით, თუმცა რეალობა არის ის, რასაც ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია მოითხოვს ჩვენგან. იმედი მაქვს, რომ მალე ეს ხალხი აღარ იქნება ევროკავშირის სათავეში,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიციის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.