თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს შესახებ დებატების დროს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ტყუილი, პროპაგანდა და დეზინფორმაცია გაისმა, რამაც ნათლად აჩვენა „ევროპის ცივილიზაციური უფსკრული“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
17 დეკემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება და გააკრიტიკეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ქმედებები. დანიელმა ევროპარლამენტარმა მარი ბიერემ განაცხადა, რომ პარტია ავრცელებს ანტიევროპულ ნარატივს და ქვეყანაში სერიოზული დემოკრატიული რეგრესია. მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობის ქმედებების გამო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად ჩიხში შევიდა“.
„თუკი ვინმეს აინტერესეს რა არის ევროპის ცივილიზაციური უფსკრული, მას შეუძლია ნახოს ევროპარლამენტის გუშინდელი სხდომა და ეს არის სრული ვიზუალიზაცია ცივილიზაციური უფსკრულისა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტის სხდომამ აჩვენა „კომბინაცია იმ ყველაფრისა, რაც ევროპის ბნელი წარსულიდან მომდინარეობს“. მისი თქმით, ეს არის ზიზღი, ცივილიზაციური ქედმაღლობის და აღმატებულობის პოზა.
„ეს არის ტყუილი, პროპაგანდა, დეზინფორმაცია და ეს ყველაფერი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იყო გაჟღერებული“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
მისი თქმით, ეს იწვევს იმედგაცრუებას, როგორც ევროკავშირის მოქალაქეებში, ისე ქართველ ხალხში, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისთვის, და „არის თავად შემოქმედი ევროპისა, ევროპული ცივილიზაციისა და ევროპული ღირებულებებისა“. პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბრიუსელის ქმედებები ევროპულ ცივილიზაციას ანადგურებს.
„ჩვენ, ქართველები, ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ ბრიუსელი ანგრევს ევროპულ ცივილიზაციას და ამას ვხედავთ არამხოლოდ ჩვენ, არამედ ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობს აშშ, ევროპის უსაფრთხოების მთავარი გარანტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში უფრო ხმამაღლა ისმის ევროპელი პატრიოტების ხმა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ევროპული იდენტობა არ დაიკარგოს და ევროკავშირი ეფუძნებოდეს ევროპულ ღირებულებებს.
ევროპარლამენტში დებატები მას შემდეგ გაიმართა, რაც ევროკავშირის საბჭოს დანიის თავმჯდომარეობამ გამოაქვეყნა ევროკავშირის გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნები, მათ შორის დებულება საქართველოს შესახებ. დოკუმენტმა 27 წევრი სახელმწიფოდან 26-ის მხარდაჭერა მიიღო, წინააღმდეგი უნგრეთი გამოვიდა.
ევროკავშირის საბჭო, უნგრეთის გარდა, მოუწოდებს საქართველოს, „გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი“, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“ და „დაუყოვნებლივ შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები“.