თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.
ავიაკომპანია შიმკენტსა და თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით იფრენს - პირველი რეისით 166-მა მგზავრმა ისარგებლა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორი ლევან მოსეშვილი, „ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეკონომიკური და სატრანზიტო-ლოგისტიკური კუთხით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა დერეფნისთვის.
შიმკენტი მეხუთე ყაზახური მიმართულებაა, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სრულდება. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად 3 ავიაკომპანია ასრულებს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Air Astana და SCAT Airlines, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან FlyArystan ასრულებს.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. 11 თვეში საქართველოს აეროპორტები 304 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-ით მეტია.