აშშ განგაშს ტეხს: პაპუაშვილმა ევროკავშირის ლიდერებს „გამოფხიზლებისკენ“ მოუწოდა

თბილისი მხარს უჭერს ვაშინგტონის პოზიციას, რომელიც აკრიტიკებს ევროკავშირს ტრადიციული ღირებულებების თანდათანობით დაკარგვისა და მისი პოლიტიკური ელიტის ევროპული ხალხების ნებისგან დისტანცირების გამო.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. ევროპელი ლიდერები უნდა „გამოფხიზლდნენ“ და დაუბრუნდნენ მოქალაქეების ნების აღსრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ევროპული იდენტობის სრულ დაკარგვას გამოიწვევს, რაზეც ღიად საუბრობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
5 დეკემბერს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ეროვნული უსაფრთხოების განახლებული სტრატეგია, რომელშიც აღნიშნულია უთანხმოება ევროკავშირის რამდენიმე წარმომადგენელთან, რომლებსაც, ვაშინგტონის შეფასებით, არარეალური მოლოდინები აქვთ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ევროკავშირში ჭარბი რეგულირების, მასობრივი იმიგრაციის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პრობლემები.
„ვფიქრობ რომ ეს ის მომენტია, როდესაც ევროპელი ლიდერები უნდა გამოფხიზლდნენ. ისინი ასცდნენ საკუთარ თავს, ევროპელი ხალხის ნებას და ერთადერთი გამოსავალი არის, რომ დაუბრუნდნენ საკუთარი ხალხის ნების განხორციელებას, რომელსაც ასეთი აცდენილი არიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ახალი როლი აქვს - ღიად, ცხადად უთხრას სიმართლე ევროპელ ბიუროკრატებს და პოლიტიკურ ლიდერებს. ახალმა ადმინისტრაციამ ევროკავშირს უთხრა, რომ ამ ევროპულობის საფარქვეშ ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის შეზღუდვის, იქცა კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„შედეგიც უთხრა ახალმა ადმინისტრაციამ რა იქნება - ესაა ევროპული იდენტობის დაკარგვა, ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რამდენად სწორი იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ბოლო წლებში. მან დასძინა, რომ პარტიამ გაუძლო უზარმაზარ ზეწოლას ევროკავშირის, ბრიუსელის, მასთან დაკავშირებული პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.
„ყველა რისკი გაცხადდა და ყველა ფარისეველი მხილებულია... და სად ვიქნებოდით დღეს ამ წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? სადაც დღეს უკრაინა არის, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი. ამ მდგომარეობაში რომ ჩააყენეს ამ ფარისეველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უკრაინა, თან აგულიანებენ“, - თქვა პაპუაშვილმა.
ახალი სტრატეგია ასახავს აშშ-ს განახლებულ მიდგომებს გლობალური უსაფრთხოების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი შეერთებული შტატების ძირეულ ინტერესებში შედის და რომ ამერიკული პოლიტიკა ევროპაში, პირველ რიგში, რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის აღდგენას გულისხმობს.
POLITICO-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას „სუსტი“ ადამიანების მიერ მართული ქვეყნების „გახრწნილი“ ჯგუფი უწოდა. ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის ტრადიციული მოკავშირეები მიგრაციის კონტროლისა და რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების უუნარობის გამო. მან ასევე მიანიშნა, რომ მხარს დაუჭერს ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც იზიარებენ მის ხედვას კონტინენტის მომავლის შესახებ.