წალენჯიხა „იუვენტუსის“ აკადემიის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ ავტომობილი დაეჯახა

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან კვარაცხელიას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. წალენჯიხა „იუვენტუსის“ მწვრთნელ ლევან კვარაცხელიას სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში გუშინ, საღამოს მოხდა.
„რამდენიმე საათში ოპერაციას გაუკეთებენ, მას საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი. გუშინ დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ სისხლდენით ეგდო“, - წერენ სოციალურ ქსელში.
დაშავებული თავდაპირველად წალენჯიხის საავადმყოფოში, შემდეგ კი ზუგდიდში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის უკვე დააკავეს.
წალენჯიხაში „იუვენტუსის" საფეხბურთო აკადემია 2024 წელს გაიხსნა. აკადემიაში დაახლოებით 100 ბავშვი ვარჯიშობს.