თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სამოქალაქო ავიაციას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის გაძლიერებაში, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის მილოცვის ტექსტში.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე (International Civil Aviation Day) მთელ მსოფლიოში 7 დეკემბერს აღინიშნება.
ქვრივიშვილის განცხადებით, მთავრობის სწორი და ეფექტური პოლიტიკითა და დარგში დასაქმებულთა მაღალი პროფესიონალიზმით სამოქალაქო ავიაციის სფეროში ქვეყანამ უპრეცედენტო ზრდის დინამიკას მიაღწია, რაც წლიდან წლამდე სტაბილურად უმჯობესდება.
„აქტიური მუშაობის შედეგად საქართველოს საავიაციო ბაზარს ყოველწლიურად ემატება ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებები. ამასთან, მგზავრთნაკადის, ტურისტული ნაკადებისა და საავიაციო ტვირთბრუნვის ზრდის არსებული დინამიკისა და საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერად განვითარების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შთამბეჭდავი შედეგების უკან სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებული პროფესიონალების უსაზღვროდ დიდი შრომა და ძალისხმევა დევს.
„მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მივაღწევთ. მადლობას ვუხდი სექტორში დასაქმებულ თითოეულ სპეციალისტს, სახელმწიფო უწყებას თუ ავიასაწარმოს", - ნათქვამია განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის დღე
1944 წლის 7 დეკემბერს, 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციას, რომელიც საჰაერო სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია და განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის, უსაფრთხო ფუნქციონირების და განვითარების ძირითად ნორმებს.
1947 წლის 4 აპრილს, კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდგომ ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), რომლის ძირითად მანდატს წევრ სახელმწიფოებში მაქსიმალურად ერთგვაროვანი საავიაციო სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენდა.
საქართველომ ჩიკაგოს კონვენციასთან მიერთების თაობაზე დადგენილებას 1993 წლის 7 დეკემბერს მოაწერა ხელი. ოფიციალური შეტყობინების პროცედურის დასრულების შემდგომ, 1994 წლის 20 თებერვალს, საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი (ICAO) წევრი გახდა.