თბილისი, 6 დეკემბერი - Sputnik. ყოფილი თანამდებობის პირები, კომპანიების ხელმძღვანელები და საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - 14 პირს კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულები ედებათ ბრალად, მათგან 5 პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (SGB) თანამშრომლებმა დააკავეს, განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალების ტალღამ მოიცვა. დაკავებულთა შორის არიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე. კორუფციაში ბრალდებულებს შორისაა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი“, - განაცხადა გაგნიძემ.
გაგნიძის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.
ექვსი სისხლის სამართლის საქმე:
პირველი: მარნეულში, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მე-4 საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა. მას 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მეორე: ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, მას 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საცხოვრებელ სახლზე ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით, ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით მან თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ახალი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1 500 ლარი, ხოლო დარჩენილი 1 500 ლარის გადაცემა მოითხოვა დასკვნის მომზადების შემდეგ.
მესამე სისხლის სამართლის საქმე: თბილისსა და საგარეჯოში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დავაკავეთ.
გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ჰორიზონტი 23“-ის დირექტორმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, შპს „არქიტრავს“ ფიქტიურად მიაღებინა მონაწილეობა ტენდერში და მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაო მთლიანად შეასრულა შპს „ჰორიზონტი 23“-მა. ამავე დროს, შპს „ინსპექტას“ ზედამხედველმა პირებმა სამუშაოებზე გასცეს ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რის შედეგადაც მოხდა 89.727 ლარის თაღლითურად დაუფლება.
აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მეოთხე სისხლის სამართლის საქმე: ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ შპს „ლოგის“ დირექტორი, შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორი და ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ტექნიკური ზედამხედველი.
თბილისის, გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს „ლოგის“ შორის, 2023 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება „მუხიანი 2“-ის დასახლებაში, სამეგრელოს ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, ღირებულებით 572.907 ლარი. აღნიშნული სამუშაოების კონტროლი დაევალა „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წყალსადენ კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელების ტექნიკურ ზედამხედველ პირს.
შპს „ლოგის“ დირექტორმა შპს „ს.კ. 2000“-ის დირექტორთან ერთად დაამზადა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა, 3.738 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი, 178 რეისად გატანილი იქნა 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, რაც სინამდვილეში შპს „ლოგის“ მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყარეს სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში.
გრუნტის გატანის და განთავსების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინეს თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში, სადაც ზედამხედველის მიერ შედგა ყალბი აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი მიწა თითქოსდა გაიტანეს ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, აღნიშნული ყალბი მონაცემები ასახეს შესრულებული სამუშაოს აქტებში - ფორმა N2-ებში, რის საფუძველზეც შპს „ლოგი“ გლდანის რაიონის გამგეობიდან ჩაერიცხა 104.290 ლარი.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეხუთე საქმე: ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3.000 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გამოართვა 2.000 ლარი.
მას 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მეექვსე სისხლის სამართლის საქმე: ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი, მათაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (კაპროვანი), ზღვისპირა ზოლში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 517 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით ნებართვის გარეშე სარგებლობისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 4.000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვეს 2.000 ლარი.
როგორც გაგნიძემ განაცხადა, ანტიკორუფციული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ნებისმიერი ფორმის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფრთხილებს ყველას, ვინც შესაძლოა რაიმე სახის კორუფციულ დანაშაულებში აპირებდეს მონაწილეობას, კარგად დაფიქრდნენ, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რადგან ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კორუფციის დონე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყოს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.