თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 33 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას ბავშვის ხელოვნური საკვების თუნუქის ქილებში მალულად მოთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: 760 გრამზე მეტი მდმა, 762 გრამი კლეფედრონი და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.