თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. იაშვილის კლინიკაში მომატებულია მომართვა, რის უკანაც ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა დგას - 32 ბავშვი მკურნალობს სასუნთქი სისტემის სხვადასხვა მწვავე დაავადებით, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მედიკოსის განცხადებით, ამ ეტაპზე ცირკულირებს H3N2 ტიპის ვირუსი, რომლისთვისაც დამახასიათებელია 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ხველა.
"ერთი, რაც H3N2 ტიპის ვირუსს ახასიათებს, არის ის, რომ მწვავე პერიოდის გადატანის შემდეგ შესაძლოა გახანგრძლივდეს ხველა. 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ხველა H3N2 ტიპის ვირუსისთვის უფრო მეტად არის დამახასიათებელი, ვიდრე სხვა ტიპის გრიპის ვირუსის შემთხვევაში", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, გრიპის ვირუსთან მიმართებით არსებობს რისკის ჯგუფები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები სწორედ რისკის ჯგუფში შედიან.
"როდესაც მომართვაზე ვსაუბრობთ, სტაციონარულ რგოლში ძირითადი მიზეზი არის გრიპისთვის დამახასიათებელი ისეთი გართულება, როგორიც არის ფილტვების ანთება. ჩვენს კლინიკაში მომატებულია მომართვა ოქტომბერთან შედარებით. ამ მომართვის უკან დგას ფილტვების ანთების ძალიან ბევრი შემთხვევა", - განაცხადა ჩხაიძემ.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
ამ ეტაპზე საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს და ის ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.