ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 27,9 მლნ ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი 16-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, განახლებული გზა ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის მიმართულებაზე ორი პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მოიცავს 178-ე კმ-დან 185-ე კმ-მდე და 186-ე კმ-დან 192-ე კმ-მდე მონაკვეთებს.
პირველი მონაკვეთი გადის მაღალმთიან, დაუსახლებელ ტერიტორიებზე, ხოლო მეორე იწყება სოფელ უშგულიდან დაახლოებით ორ კილომეტრში და მთავრდება ზაგარის უღელტეხილზე, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვართან.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ცემენტ-ბეტონის ახალი საფარი, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, ასევე მოწესრიგდა მისასვლელი გზა ზაგაროს უღელტეხილზე მდებარე ეკლესიასთან.
ზემო და ქვემო სვანეთს შორის დამაკავშირებელი გზა ერთიანდება ორ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან: ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა აკავშირებს სამეგრელოს და ზემო სვანეთს; ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზა კი აკავშირებს იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს.
ეს გზები ერთმანეთს ებმის ზაგარის უღელტეხილზე (2630 მ ზღვის დონიდან), რაც ქმნის ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვეყნის სხვა რეგიონებს შორის უმოკლეს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავშირს.
უწყების ცნობით, განახლებული გზა მნიშვნელოვანი სტიმულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის - ის ზრდის მთიანი რეგიონების ეკონომიკურ, ტურისტულ და საკურორტო პოტენციალს.