თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა იმერეთში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 27 წლის მამაკაცები შპს „სპენუს ჯგუფში“ ტექნიკოსებად იყვნენ დასაქმებულნი. უწყების ცნობით, მათ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისათვის განთავსებული სპეცტექნიკიდან 310 ლიტრი საწვავი მოიპარეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.