ქუთაისიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო

ვენაცია Wizz Air-ისთვის ქუთაისიდან მესამე მიმართულებაა რომისა და მილანის შემდეგ.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 2 დეკემბრიდან ვენეციის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაემატა - ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის პირველი რეისით 340-მა მგზავრმა ისარგებლა. ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ავიაკომპანია Wizz Air-ი ვენეცია–ქუთაისი–ვენეციის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით: სამშაბათსა და შაბათს Airbus A321neo ტიპის ხომალდით შეასრულებს.
„ვენეციიდან პირველი რეისით ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. მათ აეროპორტების გაერთიანებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვენეცია Wizz Air-ისთვის ქუთაისიდან მესამე მიმართულებაა რომისა და მილანის შემდეგ.
ავიაკომპანია Wizz Air-მა 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის.
2022 წლიდან ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისიდან 13 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ აღდგენილი მიმართულებებია მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია), ასევე ლიონი.
2012 წლიდან, საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, Wizz Air-მა საქართველოდან და პირიქით, თითქმის 9 მლნ მგზავრი გადაიყვანა.