თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე-ოფიცერი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ მებაჟე-ოფიცერი თანამდებობრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა.
კერძოდ, ბრალდებულმა კონკურენტი იმპორტიორი კომპანიების შესახებ სამსახურებრივ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 ათასი დოლარის ოდენობით თანხა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება.
საჯარო მოხელე ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე დააკავეს, ხოლო თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.