თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეუსრულდება, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე.
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაცია გამართა. როგორც გუშინ მინისტრმა განაცხადა, განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მოამზადა. მისი თქმით, შემუშავებულ დოკუმენტს გაიხილავენ მიზნობრივ ჯგუფებთან, საბოლოო ვერსია კი მთავრობას წარედგინება.
საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პირველ კლასში დარეგისტრირება შეუძლიათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებათ.
მიქანაძის თქმით, გამოვლინდა, რომ 6-წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან სოციალურ-ემოციური ფონიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება უჭირთ.
„ამიტომ, იმ კომპონენტიდან გამომდინარე, რომ 11-წლიან სასწავლო პროცესზე გადავდივართ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, ყოველ მომდევნო წელს სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ ექვსი წელი“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრამდე უსრულდებოდათ.
გარდა ამისა, პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება - საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი.
„საყოველთაო რეგისტრაციამდე ჩვენ ვაპირებთ, რომ შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელიც არის დაკავშირებული მის საცხოვრებელ ტერიტორიულ პრინციპთან“, - განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, თავდაპირველად რეგისტრაციის ახალი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებში მცხოვრებ მოსწავლეებზე გავრცელდება, შემდგომში კი, საჭიროებიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბითაც გავრცელდება.
პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 ეტაპად მიმდინარეობს. I ეტაპზე სკოლებში რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს. II ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციის IV ეტაპზე კი სკოლებში გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ ბავშვების რეგისტრაცია ხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
სასკოლო განათლება
საქართველოს სასკოლო განათლება დაყოფილია დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება მოიცავს 1-6 კლასებს, საბაზო განათლება 7-10 კლასებს, ხოლო საშუალო განათლება მოიცავს 11-12 კლასებს.
საბაზო განათლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაასრულონ სკოლა შემდგომში პროფესიული განათლების მისაღებად.
საქართველოში 2.294 სკოლაა, რომელთაგან 2.086 საჯაროა და 208 კერძო. ყოველწლიურად, საშუალოდ, სკოლებს 40 ათასი მოსწავლე ამთავრებს.