თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მოქალაქეების ნაწილი კრიტიკის გარეშე აღიქვამს გარე ნარატივებს და ჭეშმარიტებად აღიქვამს, მაშინ როცა საზოგადოებას მიზანმიმართულად ახვევენ თავს მცდარ წარმოდგენებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, დაწერა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში.
დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიცის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.
„მათ, ვისაც დაგაჯერეს, რომ თუ ევროპარლამენტარმა „თეთრზე" „შავი" თქვა, ე.ი. ასეა. დაგაჯერეს, რომ ქართული კანონი „რუსულია". დაგაჯერეს, რომ გამჭვირვალობა - „არაევროპულია". დაგაჯერეს, რომ უკრაინა რუსეთს ამარცხებს... გულწრფელად გირჩევთ, რომ უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ", - დაწერა მაჭავარიანმა.
დეპუტატმა ჩამოთვალა მთელი რიგი „მტკიცებულებები", რომელიც, მისი აზრით, საზოგადოებას თავს მოახვიეს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ზოგიერთები უკრაინაში კონფლიქტის დაწყებას ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობად მიიჩნევდნენ, მოითხოვდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მოხალისეების გაგზავნას ფრონტზე.
პოლიტიკოსის თქმით, პოლიციის მიმართ აგრესიისა და პარლამენტის გადაწვის მცდელობების გამართლებაც კი ხდებოდა, ლგბტ-პროპაგანდასთან დაკავშირებული საფრთხეები კი გამოგონილია.
როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, საზოგადოებას შთააგონეს, რომ თითქოს საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული, ეუთო/ოდირის მისია მოსყიდული, რადიკალური ოპოზიცია კი „პროევროპული“.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჯარო სივრცეში მიზანმიმართულად იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოსდა საქართველომ ევროკავშირისკენ სვლა შეაჩერა, მაშინ როცა სინამდვილეში ეს არ მომხდარა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.