ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ოქტომბერში გაიზარდა

ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 507,77 მლნ ლარით, ანუ 0,75%-ით გაიზარდა და 1-ელი ნოემბრისთვის 68,03 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 470,13 მილიონი ლარით, ანუ 1,21%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 37,64 მილიონი ლარით, ანუ 0,13%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,82 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,1%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 19,09 მლრდ ლარი შეადგინა, რაც სექტემბრის მაჩვენებელზე 0,29-ით მეტია.
2025 წლის ოქტომბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,08%-ით, ანუ 378,83 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, 35,52 მლრდ ლარი შეადგინა ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა 58,03% შეადგინა, რაც 0,26 პროცენტული პუნქტით მეტია 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის მაჩვენებელზე.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.