თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
პროკურატურამ ელისაშვილისთვის ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შუამდლომლობა დააყენა, დაცვის მხარე კი პოლიტიკოსის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, რომელმაც სიტყვის უფლებით ისარგებლა.
„მინდოდა, ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობის, რეპრესიისთვის და ძალადობისთვის, რომელიც ქვეყანაში არის, რომლის განმახორციელებელი სტრუქტურა ხართ თქვენ. რაღაც სისულელეს მაბრალებთ, ვინმეს მოკვლა რომ მნდომოდა, იმ მანდატურებიდან ცოცხალი არავინ იქნებოდა, კარგად ვფლობ იარაღას. უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება. ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი, ყველაფერი წინასწარ მოვამზადე“, – განაცხადა ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე.
შსს-მ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა, 29 ნოემბერს დააკავა. ელისაშვილის ადვოკატის გიორგი რეხვიაშვილის თქმით, პოლიტიკოსი ნანობს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, მისი ქმედება კი პროტესტის გააზრებული ფორმა იყო.
30 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ელისაშვილს ბრალდება სსკ-ის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 10-დან 15- წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 29 ნოემბრის გამთენიისას შენიღბულმა ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის შუშა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში და პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა.
შსს-ის ინფორმაციით, ელისაშვილისთვის ხელის შეშლა სასამართლოს მანდატურებმა სცადეს, რომლებსაც პოლიტიკოსმა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.