თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში პროფესიული სასწავლებლების ნაწილი სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქციის გაყიდვიდან მოგების მიღებას შეძლებს, შესაბამისი ცვლილებები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში პირველი მოსმენით მიიღეს.
ნებართვა გავრცელდება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული სასწავლებლებზე.
საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილი იქნებიან, განახორციელონ: შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება; დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა თავისი წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში; სხვა საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან/და წესდებით.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებას აქვს მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა ეკონომიკურ მდგრადობასა და შრომის ბაზარზე.
„დაწესებულებებს გაეზრდებათ შემოსავლები (შესაძლოა წლიურად 1 მილიონ ლარს გადააჭარბოს) , რაც შეამცირებს სახელმწიფო დაფინანსების საჭიროებას და უზრუნველყოფს დამატებით რესურსს ინსტიტუციური განვითარებისათვის“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორების ვარაუდით, პროდუქციის რეალიზაცია ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ სამეწარმეო და შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებას. ეს პოზიტიურად აისახება კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და თვითდასაქმების მაჩვენებელზე, ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და მოტივაციას.