ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
"შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას. განიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები", - ნათქვამია განცხადებაში.
საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
ისრაელი საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით პირველ ხუთ ქვეყანას შორისაა. 2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ ისრაელიდან 170 000-ზე მეტი ტურისტი მიიღო.