თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ქალაქში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ილუმინაციების მონტაჟი, რომელიც საზეიმოდ 12 დეკემბერს აინთება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
საქალაქო სამსახურები თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს ახორციელებენ - საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მონაკვეთებზე პერიოდულად იზღუდება მოძრაობა.
კალაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში.
"მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს საახალწლო ღონისძიებებში. იცით, რომ ყოველწლიურად გამოვყოფთ სპეციალურ ადგილებს, მათ შორის, პარკებს, სკვერებს, სადაც ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, თავიანთი საახალწლო განათებები განათავსონ. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით სასიამოვნო და საზეიმო საახალწლო განწყობას დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, თქვენი თანამონაწილეობა წელსაც იქნება, რაც მისასალმებელია", – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის ხელისუფლება "ახალი წლის ქალაქის" მოწყობაზე, ილუმინაციებსა და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტზე 8,3 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
წელს "საახალწლო ქალაქი" და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია "საახალწლო ქალაქის" მოწყობას, მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით გეგმავს.