თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. დღეიდან თბილისში მშენებარე ობიექტების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ინტერაქტიულ რუკაზეა შესაძლებელი, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მერის განცხადებით, თბილისის ინტერაქტიურ რუკაზე დღეიდან განთავსდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების, ასევე მშენებარე ობიექტის შეჩერების შესახებ ინფორმაცია.
"უმნიშვნელოვანესია, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლება, კეთილსინდისიერი მყიდველები და მათი უფლებები, რომლებიც უძრავი ქონების შენაძენს აკეთებენ მშენებარე თუ ახალაშენებულ ობიექტებში", - აღნიშნა მერმა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობის გაზრდას, თუმცა ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერიას არაერთი ქმედითი ნაბიჯი აქვს უკვე გადადგმული.
ინიციატივის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, საკადასტრო მონაცემებით ელექტრონულად ინტერაქტიურ რუკაზე გადაამოწმონ ინფორმაცია ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში უკვე მიღებული ობიექტების შესახებ, ასევე ინსპექციის მიერ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ.
ბოლო წლებში შემოღებულია ბევრი რეგულაცია, რომლითაც დედაქალაქის მთავრობამ მშენებლობების მიმართ დამოკიდებულება გაამკაცრა-გამოვლენილ დარღვევებზე სერიოზული სანქციები დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ჩათვლით.