ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპული მედიკამენტები რიგ შემთხვევაში ათჯერ გაიაფდა

უწყების ცნობით, წამლებით უკვე მომარაგებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტში სახელმწიფოს ჩართვის შედეგად, მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში ათჯერ გაიაფდა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის, ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო ახორციელებს.
უწყების ცნობით, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის გატარების პროცესში მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა, კერძოდ, იმპორტიორები ფსიქოტოპულ მედიკამენტებს 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ყიდდნენ, რომელსაც ემატებოდა საცალო სააფთიაქო ქსელში არსებული ფასნამატი.
„შედეგად მედიკამენტები ზოგ შემთხვევაში რეალურ ღირებულებაზე 10-ჯერ ძვირად იყიდებოდა. მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები რიგ შემთხვევაში ათჯერ გაიაფდა. წამლებით უკვე მომარაგებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები, პარალელურად მიმდინარეობს სააფთიაქო ქსელების მარაგების შევსება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სახელმწიფომ დაადგინა გონივრული საბითუმო და საცალო ფასის ზედა ზღვარი, რაც მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, სახელმწიფომ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან რიგ მედიკამენტებზე პირდაპირი გზით შესყიდვის შეთანხმებას მიაღწია, რაც პრეპარატების ფასს დამატებით შეამცირებს.
მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო აკონტროლებს ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციას. მათი პაციენტზე გაცემა დაშვებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების სრული დაცვით. ნებისმიერი გადაცდომისა და არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში სამინისტროს ექნება კანონით განსაზღვრული რეაგირება.
საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს კერძო სუბიექტების მხრიდან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელების და ასევე ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტის აკრძალვას.
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს - „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.
ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო დაწესებულებები და აფთიაქები შეკვეთას ელფოსტაზე - sales@mhpa.ge აგზავნიან. შეკვეთის გასაფორმებლად მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რომელიც გამოქვეყნებულია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე.
მანამდე სახელმწიფო ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა შეძენა და იმპორტი დოკუმენტაციით დასტურდებოდა, საბითუმო კერძო კომპანიებისგან ყიდულობდა.
ფსიქოტროპული საშუალებების საბითუმო ვაჭრობისა და იმპორტის სახელმწიფოს ხელში გადასვლა საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლის პროგრამის ნაწილია.