მამაკაცმა 12 წლის გერს საძინებელში კამერა დაუმონტაჟა და გადაღებული კადრები გაუვრცელა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების შედეგად უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა გერის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა.
„პროკურატურამ მომართვისთანავე დაიწყო გამოძიება, მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოიკითხნენ დაზარალებული და სხვა მოწმეები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურის თანამშრომლებმა ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, სადაც აღმოჩნდა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებული დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელებას გულისხმობს და 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.