ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები შესრულდება

საქარველოს ავიაბაზარზე ორწლიანი ინტერვალის შემდეგ გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines დაბრუნდა
Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines ბრუნდება, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს.
„ორწლიანი ინტერვალის შემდეგ Condor Airlines-ის საქართველოში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით“, -ნათქვამია ინფორმაციაში.
ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2022-2023 წლებში ოპერირებდა და ფრენებს ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით ასრულებდა.
ავიაკომპანია Condor Airlines 1955 წელს დაფუძნდა, მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია დღეისათვის 81 მიმართულებით ასრულებს ფრენებს როგორც ევროპის, ისე აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, ასევე ოპერირებს კარიბის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია.