თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი „C-130" ტიპის თვითმფრინავის კატასტროფას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.
„11 ნოემბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან C-130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ჩვენი 20 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თურქეთის თავდაცვის უწყებამ აგრეთვე გამოაქვეყნა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სია - მათ შორის არის ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების 15 ოფიცერი.
11 ნოემბერს, თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules-ი, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, საქართველოს ტერიტორიაზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში ჩამოვარდა.
კატასტროფის ადგილზე, მდინარე იორის მარჯვენა სანაპიროზე, ამ დრომდე მიმდინარეობს სამი ქვეყნის ერთობლივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. ღონისძიებაში ჩასართავად თურქეთმა სამხედრო თვითმფრინავი და ორი დრონიც გამოგზავნა.
როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.