თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო 13 ნოემბერს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქალაქო სამსახურები თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს ახორციელებენ - საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მონაკვეთებზე პერიოდულად შეიზღუდება მოძრაობა.
მერიის ცნობით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნის მიმართულებით, მერაბ კოსტავას N27-დან N59-მდე მონაკვეთზე.
რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით ავტომობილები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
თბილისის ხელისუფლება „ახალი წლის ქალაქის“ მოწყობაზე, ილუმინაციაებსა და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტზე 8,3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
წელს „საახალწლო ქალაქი“ და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება - ცენტრალური ნაძვისხე 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.