თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეებში ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, ქვეყნიდან გაძევებულია: ინდოეთის, თურქეთის, კუბის, ეგვიპტის, ჩინეთის, პაკისტანის, რუსეთის, კონგოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ნიგერიის, ტაილანდის, ქუვეითის, ისრაელისა და განას - ჯამში 31 მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის დასაწყისიდან მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნიდან უკვე გააძევეს 1 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რაც უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად აღემატება გასული სამი წლის მანძილზე გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.
1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე მიგრაციული კონტროლის გაძლიერებას.
ცვლილებები ასევე შეეხო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსაც. სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოში კანონიერი ყოფნის ვადების დარღვევის შემთხვევაში გამკაცრებულია, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.
ახალი წესების თანახმად:
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ათასი ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.
- უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით.