თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პასპორტი კვლავაც ყველაზე ძლიერია რეგიონში და გლობალური პასპორტების ინდექსში 46-ე ადგილი იკავებს, რეიტინგს საერთაშორისო კომპანია Henley & Partners ადგენს.
სიის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კონკრეტული ქვეყნის პასპორტის მფლობელს უვიზოდ გამგზავრება შეუძლია.
ახალი რეიტინგის მიხედვით, საქართველომ მსოფლიო პასპორტების ინდექსში პოზიციები დაკარგა და 44-ე ადგილიდან 46-ეზე ჩამოქვეითდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე 123 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი 50-ე ადგილზეა (114 ქვეყანაში უვიზოდ გამგზავრების უფლება), თურქეთი 51-ე ადგილზეა (113 ქვეყანა), აზერბაიჯანი (71 ქვეყანა) და სომხეთი (67 ქვეყანა) კი 72-ე პოზიციას იკავებენ.
მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის მფლობელი, რომელიც 193 ქვეყანაში უფასო მოგზაურობის საშუალებას იძლევა, სინგაპურია. შემდეგ მოდის სამხრეთ კორეა -190 უვიზო მიმართულებით და იაპონია, რომლის პასპორტით უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია 189 ქვეყანაში
Henley-ის პასპორტების ინდექსი აჩვენებს, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზოდ შესვლა. ის ეფუძნება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებს და მოიცავს 227 ქვეყნის 199 პასპორტს.
Henley & Partners წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მრჩეველს ინვესტიციების გზით მოქალაქეობისა თუ ცხოვრების უფლების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. Henley & Partners-მა მიიზიდა 8 მილიარდ დოლარზე მეტი მსოფლიოს ეკონომიკებში სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამების მეშვეობით.