თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ მათ ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურთ, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა, დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის ევროკავშირის დასკვნის ფონზე, საქართველოს დემოკრატიის განგრძობითი უკუსვლის პირობებში ქვეყნის კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.
„გზა ნათელია, გამოსავალი – ცხადი. ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის. ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება თუ სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა“, – დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გართულების მიზეზები ნათელია. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ ღირებულებებს და, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიის პატივისცემის პრინციპს.
პოლიტიკოსის განმარტებით, შეუძლებელია დემოკრატიის, ანუ ხალხის მმართველობას პატივის სცემდე და ამასთან, სხვა ხალხის არჩევანში ერეოდე..
მისი შეფასებით, მასშტაბი და ინტენსივობა, რომლითაც ბრიუსელი და მისი ზოგიერთი ელჩი ჩაერია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, წარმოადგენს როგორც გაეროს წესდების, ისე ვენის კონვენციის, ანუ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დარღვევას.
„შეუძლებელია, პატივს სცემდე დემოკრატიას და უგულებელყოფდე კანონს, მართლმსაჯულებას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა ქართულ მართლმსაჯულებასთან, რომ დღეს ასეთი ქედმაღლობით იწუნებდეს მის გადაწყვეტილებებს", - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი აზრით, დემოკრატიის პატივისცემა შეუძლებელია პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების დაგმობის გარეშე. ამ კონტექსტში პაპუაშვილმა აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის უარი 4 ოქტომბერს მომხდარი ძალადობის დაგმობაზე, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელის წინაშე არსებულ მორალურ და ღირებულებით კრიზისზე მიუთითებს.
„შეუძლებელია პატივს სცემდე დემოკრატიას და არ ემიჯნებოდე პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს. 4 ოქტომბრის ძალადობის დაგმობის კითხვაზე ევროკავშირის ელჩის დაზუთხული არპასუხი აჩვენებს იმ ღირებულებით ჩიხს, სადაც ბრიუსელმა საკუთარი თავი შეიყვანა. თანამედროვე ევროპა არათუ ემიჯნება ძალადობას, არამედ ღიად დგას მოძალადეების მხარეს", - დაწერა პაპუაშვილმა.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ელჩმა ჰერჩინსკიმ გაიხსენა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებები. ჰერჩინსკის თქმით, მათ „მოუწოდეს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება არჩევნების შემდგომ პერიოდში და ასევე მოუწოდეს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ადამიანის უფლებების დაცვა“.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.