„ნაცმოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად მიიღო
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველო პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, აღნიშნულ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.
„ჩვენ ვიწყებთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების შეტანას რამდენიმე ეტაპად- პირველ ეტაპზე იქნება გასაჩივრებული და უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წულუკიანის ე.წ. ღალატის კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც საქართველოში სამი ძირითადი პოლიტიკური პარტიის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და მათ აკრძალვას მოითხოვს.
პარტიების აკრძალვის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეაგროვა მასალები ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 2012 წლის შემდეგ შექმნილი ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციური საქმიანობის შესახებ.
4 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სამი ძირითადი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და შემდგომ მათი გაუქმების შესახებ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად მიიღო.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ხსნის იმით, რომ ამ პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მუხლის ორი პუნქტი.
პირველი - „საქართველოს საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან მისი ძალადობრივი შეცვლა".
პარტიებს ამ ნაწილით ბრალი ედებათ როგორც 2004-დან 2012 წლამდე პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევაში, ისე 2012 წლის შემდგომ პერიოდში, როდესაც პარტიები ოპოზიციაში აღმოჩნდნენ, პარლამენტის მუშაობის საბოტაჟის მცდელობაში.
მეორე პუნქტი ეხება - „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას", რაც მოიცავს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენებს და 2022 წლიდან პარტიების მხრიდან „მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ მოწოდებებს. პარტიებს ასევე ბრალი ედებათ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალისთვის ხელშეწყობაში.
საქმის განხილვას ცხრა თვე დასჭირდება.
პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს პარტიების, როგორც პოლიტიკური სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებას, მათ წევრებს კი აეკრძალებათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.